ამინდის პროგნოზი

ბმულები

ფიზიკური და ფსიქო-ემოციური უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა სკოლის

ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია სასწავლო პროცესის განხორციელების პროცესში. სკოლას გააზრებული აქვს საკუთარი როლი და ადგილი, სკოლაში შექმნილია სასკოლო საზოგადოებისთვის უსაფრთხო და  პიროვნების განვითარებაზე ორიენტირებული სოციო-კულტურული სივრცე. სკოლა უზრუნველყოფს სასკოლო საზოგადოების დაცულობას და მათი ინტერესების დაცვას, აღნიშნული მიზნების მისაღწევად სკოლა მიმართავს სხვადასხვა მექანიზმს.  

სკოლაში დაცულია  საზოგადოებრივი წესრიგი სკოლას ყავს - დარაჯი, ფუნქციონირებს მანდატურის სამსახური. მოსწავლეების სკოლაში მოსვლისა და გასვლის პროცესს მონიტორინგს უწევენ  ადმინისტრაციის წარმომადგენლები და კლასის დამრიგებლები. სკოლაში უცხო პირების შესვლა მკაცრად კონტროლდება, გადაცდომების პრევენციის მიზნით დადგენილია მორიგეობის გრაფიკი  -  შესვენების დროს თითოეულ სართულზე 2-3  პედაგოგი ზრუნავს  წესრიგსა და მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე (იხ. დანართი 1 - მორიგეობის განრიგი) . 

ამას გარდა, სკოლის ტერიტორიაზე უზრუნველყოფილია საგანგებო სიტუაციებში რეაგირებისა და პირველადი დახმარების აღმოჩენის მექანიზმები კანონმდებლობის შესაბამისად; დაცულია სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები 

(იხ.დანართი 2,3,4). სკოლას ასევე გააჩნია სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებული წესები და რეგულაციები, რომლებიც შესაბამისობაშია სკოლის სპეციფიკასა და მოთხოვნებთან.  სკოლას ყავს მრჩეველთა საბჭო, რომელიც პერიოდულად სკოლის ადმინისტრაციას აწვდის რეკომენდაციებს სკოლაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საჭიროებების შესახებ (იხ. დანართი 5, 6 - მრჩეველთა საბჭოს ოქმი, შინაგანაწესი).

თუმცა, უსაფრთხო სკოლა მხოლოდ ფიზიკური გარემოს კონტროლს არ გულისხმობს და ის მოსწავლეების ფსიქოლოგიური და ემოციური უსაფრთხოების უზრუნველყოფასაც მოიცავს. სასწავლო პროცესში უზრუნველყოფილია უპირობოდ პოზიტიური, ღია, მხარდამჭერი და მიმღებლობითი გარემო. 

სკოლის ადმინისტრაციისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია სკოლში მოსული

თითოეული მოსწავლე თავს ემოციურად უსაფრთხოდ გრძნობდეს, რაც თავის მხრივ აისახება მის წარმატებაზე  როგორც სწავლაში, ასევე ცხოვრებასა და ურთიერთობაში. ამგვარი გარემოს მიღწევაში ბევრი სხვადასხვა ფაქტორი მონაწილეობს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ბავშვების სოციალურ-ემოციური უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რაშიც მასწავლებლის როლი უმნიშვნელოვანესია. პედაგოგები ზრუნავენ სასწავლო პროცესი წარმართონ მოსწავლეზე ორიენტირებულად და  უზრუნველყონ პოზიტიური კლიმატი სკოლისა და კლასის დონეზე.  სკოლაში არსებობს სადამრიგებლო საათი, სადაც პედაგოგები მიზანმიმართულად (ხშირად კონკრეტული საჭიროებიდან გამომდინარე)  საუბრობენ ბავშვებთან სხვადასხვა საკითხებზე, განიხილავენ სიტუაციებს, ეძებენ გამოსავალს, აკეთებენ დასკვნებს. მოსწავლეებს ასევე აქვთ საშუალება განიხილონ და ისაუბრონ თავიანთ პრობლემებზე. 

მშობლებისა და პედაგოგების  აზრით, ამ ეტაპზე სკოლას  არანაირი გამოწვევა არ აქვს და როგორც ფიზიკური გარემო, ისე სასწავლო პროცესი სკოლაში ყველასთვის მისაღებია.  თუმცა, გარდა ზოგადი პრევენციული აქტივობებისა, ფსიქო-ემოციური უსაფრთხოების მიზნით, სკოლა ასევე,  მუდმივად სწავლობს სიტუაციას,  ახდენს კონკრეტული პრობლემის იდენტიფიცირებას და შეიმუშავებს კონკრეტულ სიტუაციაზე მორგებულ, რეაქტიული ინტერვენციის გზებს. ვთვლით, რომ ეს არის ზრუნვაზე  ორიენტირებული მიდგომა, რომ მოსწავლეს ჰქონდეს პირობები, თავი მაქსიმალურად დაცულად  იგრძნოს და შეძლოს თვითრეალიზება. ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებს ჰქონდეთ საკუთარი მნიშვნელოვნებისა და კომპეტენტურობის განცდა, როცა  მის აზრს ითვალისწინებენ, პატივს  სცემენ. 

 2019-2020 სასწავლო წლიდან სკოლა ჩართული იყო USAID-სა და მანდატურის სამსახურის მიერ ინიცირებულ პროგრამაში ,,არა ძალადობას“, რომლის ფარგლებშიც ჩაუტარდათ ტრენინგები სკოლის ყველა თანამშრომელს, დამრიგებლებმა ჩაატარეს კლასსაათები და განახორციელეს სხვადასხვა სახის აქტივობები კლასებისა და სკოლის დონეზე. აღმზრდელობითი და ღირებულებითი მუშაობა მიმდინარეობდა სხვადასხვა ფორმით: დისკუსიები, ფილმებისა და ნაწარმოებების განხილვა, პოსტერების, ვიდეო რგოლების და სლოგანების დამზადება;  ნახატების გამოფენა. მოსწავლეთა სამოქალაქო შეგნების ჩამოყალიბებასთან ერთად, პროექტის ერთ-ერთი მიზანი იმ ემოციური კომფორტის მიღწევაში დახმარება იყო, რომელიც მოსწავლეს უყალიბებს სკოლისადმი პოზიტიური განწყობას, უქმნის უსაფრთხოების შეგრძნებას და უზრდის სწავლის მოტივაციას. 

       რა თქმა უნდა, სკოლაში კანონმდებლობის            შესაბამისად დაცულია პერსონალური მონაცემები და ინფორმაციული უსაფრთხოება.  

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.