ერთი ქუჩის კუთხეში ახალგაზრდა ბიჭი მოხუც ქალს ხელიდან ჩანთას ჰგლეჯს. ქალი არ აძლევს, მაგრამ სული მწარეაო იტყვიან, დანის დანახვისთანავე ჩანთას ხელს უშვებს;
ამ ქუჩის პარალელურ ქუჩაზე თხუთმეტიოდე ბიჭი შეგროვილა. რაღაცაზე კამათობენ. ეს კამათი ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა და ამ გაუგებრობას ერთი ახალგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა;
ამ ქუჩის ბოლოს პატარა ბაზრობაა, სადაც ერთი ჩასუქებული, წვერგაუპარსავი, მელოტი კაცი თავის უვარგის ,,რაღაცას“ (არა აქვს მნიშვნელობა რას) საკმაოდ ძვირად ასაღებს;
ამ ბაზრობიდან ოდნავ მოშორებით ზღვის ნაპირზე ახალგაზრდა გოგო და ბიჭი სხედან. კარგი პირი არც მათ უჩანთ; ზღვის პირას მდგომ ძალიან მდიდრულ სახლში, ძალიან მდიდარი კაცი, თავის ძალიან ლამაზ ცოლს ღალატობს;
გვერდით მდგომი სახლიდან საშინელი ყვირილი ისმის. ბიჭი დედას უყვირის, ძალიან ხმამაღლა, ძალიან უსამართლოდ.
ეს ყველაფერი და კიდევ ბევრი უბედურება ამ პატარა დისტანციაზე ხდება. წარმოიდგინეთ დედამიწა რა დღეშია. ,,ცოდვის სადგურად“ გადაიქცა და დამძიმდა. ერთ პატარა ცოდვასაც კი შეუძლია ჩამოგვლიჯოს მხრები სიმძიმისაგან. ამდენი ცოდვის ატანა კი არათუ ზედმეტი, შეუძლებელიცაა. ეს არის ,,სამეუფო ბოროტისა„, სადაც ,,ცოდვის ხელი მართალს უსამართლობად ქმნის“, სადაც ,,ძმა ძმის სისხლით ხარობს“, სადაც ,,რყვნა, წაწყმედა და ღალატია“...
თუმცა ძალიან შორს, ერთ ულამაზეს ადგილას დგას ერთი პატარა ტაძარი. იქ ისეთი ,, სიმსუბუქეა“, კი არ დადიხარ, თითქოს დაფრინავ... იქ ისეთი სილამაზეა, ძალიანაც რომ გინდოდეს თვალს ვერ მოსწყვეტ. ამგვარი და კიდევ უფრო ძლიერი სიტკბო , ნეტარება, სიწმინდე სუფევს ამ პატარა ტაძრის ირგვლივ.
დაფიქრებაც არ სჭირდება იმას, ამ ორი ადგილიდან რომელს აირჩევს ადამიანი, მაგრამ ჩვენ მაინც დავფიქრდეთ... არ არის ადვილი ადგილი დაიმკვიდრო სამოთხეში... ამას დიდი ძალისხმევა სჭირდება, მაგრამ ეს ძალა მხოლოდ გამორჩეულებს აქვთ.
ამიტომაა, რომ ამ პატარა ტაძარში მხოლოდ ერთი ადამიანი ცხოვრობს, მის მოშორებით კი საკმაოდ ბევრი და იგივე პროპორციით მთელ დედამიწაზე.
მაშ, ,,რა გითხრათ, რით გაგახაროთ?!
მირანდა სურმანიძე XII კლასი







