ამინდის პროგნოზი

ბმულები

გაჩენისთანავე ადამიანი ცხოვრების კარს ტირილით აღებს... თითქოს გრძნობს, რომ ამ წამიდან მისი ყოველი ამოსუნთქვა არსებობის თითოეულ ეკლიან გზას მოეფარება, ხვდება, რომ ცოდვილ გზას გოლგოთას ტანჯვა არ ასცდება და ამიტომ ცრემლს ვერ იკავებს...

არ არსებობს ადამიანზე უფრო დიდი ფენომენი, იგი ყოველ ეპოქას მორგებულია და ცდილობს კაცობრიობას, თავისი არსებობის კვალი დაატყოს. თანამედროვე მეცნიერს სურს, რომ გააკეთოს წინამორბედზე გაცილებით უფრო მეტი, შთამბეჭდავი და ამით სამუდამოდ დაიმკვიდროს ადგილი ისტორიის ფურცლებზე.

ადამიანი ტიროდა და წუხდა ცხოვრების სიმწარეზე მაშინ, როცა არ იცნობდა მას, ხოლო როცა შეეძლო აზროვნება, გაიგო არსი უმთავრესისა, მაშინ შეწყვიტა ტირილი და დაიწყო ბრძოლა, ჩათვალა რომ უნდა ეცხოვრა წამით და შეძლო გაღიმება. დაიწყო ბრძოლა, რადგან ვიბადებით - არსებობისათვის, ვარსებობთ - სიცოცხლისათვის, ვცოცხლობთ - ცხოვრებისათვის და ვცოცხლობთ სიყვარულისათვის, რომელიც ცრემლიც ერთად გაღიმებასაც საჭიროებს.

 

* * *

ღმერთმა ინებოს და გაგვაძლიეროს, ამ უკუღმართობის ჟამს, ცხოველი სურვილი მყავს ბოროტთან შეჭიდებისა. ვუყურებ, მაგრამ დანახვა მიჭირს არსებული უსამართლობისა. ყველაზე მთავარი მოთმინებაა, არ არსებობს ცხოვრება ტანჯვის გარეშე, რომლის მთავარი მკურნალი სწორედ, რომ მოთმინებაა. გულში მოწოლილი დარდი უნდა, ამოხეთქო, გაფანტო და სამუდამოდ დაასამარო, ოღონდ ისე, რომ სხვას არ შეახო...

მძიმეა ჩვენი ხვედრი წუთისოფელში, იქ სადაც სინათლე არასდროს ანათებს და სადაც მხოლოდ უკუნი ისადგურებს. ყოველ არსებას რქები დაუდგამს, ყოველი მათგანი უსიტყვოდ ემორჩილება ეშმაკს. შევნატრი ჟამს ბავშვობისა, სილამაზისა, სილაღისა და აღმაფრენისას. ვკარგავ პიროვნების სიძლიერეს და ძალაუნებურად ვემორჩილები სუსტს.  მსურს სწრაფვა სიმაღლისაკენ და წმინდა ნათებისაკენ.

 

* * *

იცი ჩემს პაწია გულს ძალიან ბევრი თავისუფალი დრო ჰქონდა, მთელი დღე სახლში ძლიერ მოწყინდა. მეც შემეცოდა და გარეთ გავუშვი, პირველად გავიდა მარტო, უპატრონოდ, ცოტა შემესინდა - მაგრამ გონებაში, გული მე არ მყავდა და მალე დავმშვიდდი. ბევრი იარა, ვის არ გადაეყარა, ყველაფერს დიდი ინტერესით უცქერდა, მოსწონდა სიახლესთან შეხვედრა, ვერავინ იპოვა, გული მარტოდმარტო დაიარებოდა. ზღვის პირას მიადგა, სივრცეს გახედა, მზე ჩადიოდა, მალე დაბნელდა, გული შესინდა, კიდეც შეცივდა, სითბოს ელოდა, არავინ მოვიდა, ჩემთან დაბრუნება გადაწყვიტა, მაგრამ გზა დაებნა, იქვე ჩამოჯდა და მწარედ აქვითინდა...

უცებ გაიგონა ვიღაცის ჩურჩული.

- რატომ ტირიო?.. ჰკითხა შენმა გულმა.

- პატრონი დავკარგეო, მიუგო პასუხად.

- შენ არ იდარდოო, არ დაკარგულხარო, მე მოგიპარე და მე გიპატრონებო!!!

ცრემლი მოწმინდა, მაგრად ჩაიკრა... პატრონს არ იკითხავთ? გაგეცინებათ, J დღემდე ელოდება გულს ის საცოდავი, მაგრამ ეღირსება მისი დაბრუნება?:(

გულმაც ის არჩია ვისთანაც თბილად იგრძნო თავი...

 

ანა მუხშავრია

 

იცი?

იცი? - ჩემს გულში რომ ჩაიხედო, მხოლოდ შენს თავს დაინახავ, თითქოს სარკეში იყურები...

იცი? - შენი ოდნავი გაღიმებაც, შენი წამიერი გამოხედვაც გულს მიჩქარებს. ცუდად მხდის გრძნობა, რომ შენ ჩემი არ ხარ. მენატრები... როცა გხედავ მაშინაც კი მენატრები... რამდენჯერ მიცდია შენთვის ყველაფრის თქმა, მაგრამ... მეშინია უარის, ამ ერთი სიტყვის, რომელსაც შეუძლია გამანადგუროს.

იცი? - ჩმი თითოეული უჯრედი შენითაა გაჟღენთილი,. ჩემი მეორე ნახევარი ხარ, შენს გარეშე არასრულფასოვანი ვარ... უშენოდ არ შემიძლია... ჩემი სუნთქვა ხარ... შენით ცემს ჩემი გული...

იცი? - ხატის წინ დანთებული ერთი სანთელი, ჩემი თვალებიდან წამოსული ცრემლები, ერთი სადღეგრძელო მაინცაა შენი. მიყვარხარ... სიგიჟემდე მიყვარხარ... ცამდე, მზემდე, ოკეანის ფსკერამდე მიყვარხარ. ჩემთვის ყველაფერი ხარ, ჩემთვის იდეალური ხარ...

იცი? - შნთან რომ ვიყო, შენ რომ ჩემი იყო, გეფიცები, პატარა ბავშვივით ვიზრუნებდი შენზე... ყოველთვის გაგიგებდი...

იცი? - თვალებს რომ ვხუჭავ, შენი სახე მიდგება თვალწინ. სახე, რომლის ყველა ნაკვთი ზეპირად ვიცი... წყალი და ჰაერი ხარ ჩემთვის. .. იმის ნახევარი ძალით მაინც რომ გიყვარდე, როგორც მე მიყვარხარ, ესეც საკმარისი იქნებოდა ჩემთვის... ტკივილამდე მიყვარხარ... ცრემლებამდე მენატრები... ასე არასოდეს მყვარებია...

იცი? - თანახმა ვარ შენი რიგითი წუთი ვიყო... შენი სახლის ფანჯრის დახრილი რაფა ვიყო... მასზე მდგარ ქოთანში ამოსული ყვავილი ვიყო...

იცი? - ზოგჯერ შენი თმის ღერისაც კი მშურს... ის ხომ ყოველთვის შენთანაა... მშურს მათი, ვინც და რაც ერთხელ მაინც შეგხებია, ვისაც შენი სუნი უგრძვნია...

იცი? - უშენოდ მომავალს ვერ ვხედავ... ვერ წარმომიდგენია უშენოდ ცხოვრება... უშენოდ სუნთქვა...

ხვალ... ხვალ ისეთივე მუქი, ბნელი და სევდიანი დღე იქნება. როგორიც დღეს იყო, ისევ შენ გარეშე, ისევ მარტო ოთახში... ოთახში, რომელშიც შენ ხარ ჰაერზე მეტად... ისევ ეს ფურცლები და მასზე მელნისფრად მოელვარე სიტყვები, რომელთა თქმაც ვერ გამიბედავს... ისევ ეს სისველე თვალებზე... ისევ ეს ღიმილი, რომელიც ტუჩის ბოლოში კვდება... და ისევ შენზე ფიქრებში ჩაძირული მე... თანაც ისევ მარტო...

 

ლინდა დევაძე

 

 

წერილი

გამარჯობა! აი, როგორც იქნა გავბედე, გავბედე გამემხილა ის, რასაც დიდი ხანია ვგრძნობ იქ, სადღაც, შიგნით და ყოველ ძგერაზე მახსენებს შენს თავს. მე ვიპოვე ყურები, რომლებიც მომისმენენ, თვალები, რომლებშიც ჩემი თვალები დაისვენებს, გული, რომელიც ჩემს გულთან ერთად აძგერდება. ყველგან შენ გხედავ. დილა შენით იწყება, შენით ღამდება, სულ ჩემს გონებაში ხარ! შენით ვცოცხლობ... შენით ვსუნთქავ... თავს უხერხულად ვგრძნობ, რომ პირველად მე მიწევს ამ თემაზე საუბარი, პირველად და ალბად... უკანასკნელადაც. ვინ ვარ შენთვის? გოგო, რომელსაც უბრალოდ თვალს გააყოლებ. შეუძლებელია გვერდით ჩამოიარო და შენმა სურნელმა თავბრუ არ დამახვიოს, შენი ხმის გაგონებამ არ ამაფორიაქოს.

ვიღაცამ თქვა, როცა ქალს არავინ უყვარს, იგი მაშინ კეკლუცობსო, არ არის მასე... როცა შეყვარებული ხარ, მაშინ კეკლუცობ, მაშინ იპრანჭები, ცდილობ უკუთესად გამოიყურებოდე და თავი მოაწონო მას, ვინც... ვინც ზედაც არ გიყურებს. შეიძლება გიყვარვარ, გიყვარვარ როგორც და, მეგობარი, მაგრამ ჩემსავით... არა... მე შენით ვცოცხლობ! სიყვარული ხომ ის არის, რომ იცოცხლო იმის სიცოცხლით, ვინც გიყვარს?

გაბრიელ გარსია მარკესს უთქვამს: „თუ ვიღაცას ისე არ უყვარხარ, როგორც შენ გინდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას მთელი გულით არ უყვარხარ!“ შენი ჩემდამი და-ძმური სიყვარულიც კი საკმარისია ჩემთვის, ამითაც შემიზლია ვისაზრდოო.

ჩვენ ორი საპირისპირო მიმართულებით მოძრავ მანქანებს ვგევართ, რომლებიც დიდი და ხალხმრავალი ქალაქის მოვლის შემდეგ, იმედი მაქვს ერთმანეთს შეხვდებიან. ყველას აქვს ოცნების უფლება. ოცნება ის არის, რაც არ არსებობს, მაგრამ არც ის, რაც შეუძლებელია არსებობდეს. გთხოვ ნუ გამიწყრები, იმისთვის, რომ ერთ ჩვეულებრივ, გულიბრყვილო გოგოს უყვარხარ, და, ნურც მითანაგრძნობ, რადგან სიყვარუილი გრძნობაა და არა თანაგრძნობა.

 

 

თამარ მახარაშვილი

კონფლიქტი

კონფლიქტი ძველ და ახალ თაობებს შორის ამოუწურავი საკითხია. უთანხმოება მათ შორის ყოველთვის იყო, არის და იქნება. მშობლებსა და შვილებს შორის ხიდჩატეხილობა მთელი მსოფლიოსთვის მტკივნეული საკითხია. ჩვენს შორის დიდი უფსკრულია, რომლის ამოვსება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

რა არის ამის მიზეზი?

ჩაიხედეთ საკუთარ გულებში!.. აა... გაგახსეწნდათ... დრო სხვადასხვაა, მაგრამ მიზეზი ერთი - უზომო სიყვარული შვილებისადმი. ხომ არ გაგაკვირვათ ასეთმა მიზეზმა? ყველაფერს ახლავე აგიხსნით. ჩამოვთვალოთ დავის ძირითადი საგნები (შევეცდები მოკლედ ჩამოვაყალიბო): აზრთა სხვადასხვაობა, განვითარების დონე, ტექნიკური მიღწევები, განსხვავებული ჩაცმულობის სტილი, რომელიც ჩვენი ინდივიდუალურობის გამოხატულებაა, უფროსებისათვის თავაშვებულობა. ბებიაჩემი იტყვის ხოლმე:

- „ამ ბავშვს ტანსაცმელი ნელ-ნელა უპატარავდება?!“

- „დიდუ, როგორ გოდოუთხაპნია ტუჩებზე წითელი პომადა?!“

- „ჭიპზე ყურსაკიდს რა უნდა?!“

სიმართლე გითხრათ ჭიპზე საყურის მომხრე არც მევარ, თუმცა ესეც თავისებური სილამაზეა. განვაგრძოთ ჩამოთვლა: თამამი ქცევები საზოგადოებრივ დაწესებულებებში, საერთაშორისო საიტების წევრობა - ე.წ. „Одноклассники“, „Facebook“ და მრავალი სხვა გასართობი თუ საკონტაქტო საშუალება; მეგობრებთან სტუმრად განსაზღვრული დროით გაშვება - მიუხვედრელობა იმისა, რომ მათთან ყოფნისას დრო სწრაფად გადის. განსაკუთრებით გოგოსათვის ურთიერთობა თანატოლ ბიჭებთან.

- „მაგი ბიჭი ისე უჟუჟუნებს გოგოს თვალებში, ნამდვილად შეყვარებულია!“

უფროსებს არ სწამთ გოგოსა და ბიჭს შორის მეგობრობის, თუ ისინი სისხლით ნათესავები ან მირონით ნათესავები არ არიან. ბიჭების უმეტესობისათვის, შეიძლება გოგოებისათვისაც დედის მხრიდან ყველაზე მომაბეზრებელი სიტყვა არის -  ისწავლე, „ისწავლე, ისწავლე, ყოველ დღე ერთი და იგივე“. - აუჰ, საცოდავები. თუმცა თუ თავად არ მოინდომე, ვერავინ დაგაძალებს.

ბრალს გვდებენ უწიგნურობაში. სასტიკ პროტესტს ვაცხადებ. ბიბლიოთეკის, კომპიუტერისა თუ სხვა წყაროების მიხედვით ჩვენ ვეცნობით მსოფლიო გენიოსების შემოქმედებას. ვერ დავმალავ იმ ფაქტს, რომ უფროსი თაობა უფროპ მეტს კითხულობდა, თუმცა ეს არ აძლევს მათ ჩვენი უწიგნურად წოდების უფლებას.  საკუთარი აზრის გამოთქმა ენის ტარტალად გვეთვლება. ყურადღებას გავამახვილებ იმ ფაქტზე, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე სწორედაც, რომ საკუთარი აზრის გამოთქმას და არგუმენტირებას გვასწავლიან. შემდგომ კი ჩვენგან საპირისპიროს მოითხოვენ.

რაც ფაქტია, ფაქტია. ამაზე თვალს ვერ დავხუჭავთ. თუმცა არ გეგონოთ მშობლებს მხოლოდ ვაკრიტიკებდე. შეუძლებელია არ დაინახო ის, რასაც ისინი ჩვენთვის აკეთებენ. ყოველ მშობელს თავის შვილებზე მზე და მთვარე ამოსდის. ჩვენს გამო უდიდეს თავგანწირვაზე მიდიან. ფაქტიურად ბავშვის გაჩენის დღიდანვე მშობლები ერთადერთ მიზანს ისახავენ: დაუსრულებლად იზრუნონ ჩვენზე, ჩვენს მომავალზე, შემდგომ კი სუფთა გულით და ზენაარსისადმი მზერით, სიბრძნისა და მადლით ჩაგვაბარონ მაღალ ღმერთს.

შეიძლება მშობლები არ გამოხატავენ ჩვენდამი სიყვარულს ალერსით და თბილი სიტყვებით, მაგრამ არ გეგონოთ თავი მათთვის უსარგებლოდ, მათ ჰაერივით ვჭირდებით. ყოველ ჩვენს წარმატებას „გულის ფანცქალით“ და სიხარულის ცრემლებით ხვდებიან. ღრმა ძილში მყოფთ შუბლზე დიდი ალერსით გვკოცნიან.

შეიძლება ხშირად გვიწუწუნია მშობლებთან პრობლემემბზე, მაგრამ წარმოიდგინეთ თავი მის ადგილას ვისაც ისინი არ ჰყავს. მათ მშობლებთან კამათი ურჩევნიათ, მათ არარსებობას,

ამიტომ უნდა დაკმაყოფილდე იმით რაც გაქვს, ნუ იქნები უმადური.

ႭႿႠႾႨ. შენი ბედნიერებისა და აღზრდის საძირკველია. მშობლებს ისე მოეპყარი, როგორც ამას შენი სვილებისაგან მოელი. თუ მშობლებს რიდით და კრძალვით მოეპყრობი, მათი ლოცვა - კურთხევა ლამპარივით გაგინათებს გზას. იცოდე! ეს ქვეყანა სიკეთისა და ბოროტებიოს სათესი მინდორია და რასაც დასთეს, იმასვე მოიმკი.

ოჯახი თითოეული ჩვენგანისათვის სიწმინდეა. მშობლები კი სანთლები, რომლებიც ამ სიწმინდის წინ ჩვენს გამო ცრემლად იღვრებიან. საჭიროა ვეცადოთ, რომ ეს სანთლები მუდამ ანათებდნენ, რათა აღდგეს ის ხიდი, რომელიც ჩვენს შორის საუკუნეებია ჩამტვრეულია.

ამ იმედიან ნოტაზე ვასრულებ ჩემს ესეს. იმედია თანამოაზრეები გამომიჩნდება. მომავალ შეხვედრამდე.

 

ანა მიქაძე

 

კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარება ბევრ რამეს ცვლის, მათ შორის კულტურასაც. იცვლება კულტურის გარკვეული ნაწილი და არა მთლიანად კულტურა. კულტურას საზოგადოება განაპირობებს, განსაზღვრავს და არა ტექნიკა. მაგრამ ამ ბოლო დროს ადამიანები კულტურული განვითარებისათვის კომპიუტერულ ტექნოლოგიებს იყენებენ. ეს რათქმა უნდა მოახდენს გარკვეულ ცვლილებებს. საერთოდ კულტურა ძალიან ფართო ცნებაა, და შედგება ბევრი „ქვეკულტურისაგან“, სწორედ ამ „ქვეკულტურების“ შეცვლა შეუძლია კომპიუტერულ ტექნოლოგიებს და ე.ი. ცვლის მთლიანად კულტურასაც. მაგალითად, არსებობს წიგნის კითხვის კულტურა, რომელიც ჩემი აზრით, ყველაზე მეტად შეცვალა კომპიუტერმა. წიგნი თითქმის მთლიანად ამოვარდა დღის წესრიგიდან. კომპიუტერი გაცილებით, საინტერესო და მოსახერხებელია, თუ გარკვეული ინფორმაციის მოსაპოვებლად ჩვენ გვჭირდება, რამდენიმე „ფუთიანი“ წიგნი, კომპიუტერში ამას მხოლოდ რამდენიმე ღილაკის დაწკაპუნებით ვაკეთებთ. კომპიუტერში ინფორმაცია წიგნებიდანაა შესული, ის მსოფლიო ბიბლიოთეკასაც მოიცავს, და ამიტომ ანიჭებს მას უპირატესობას დღევანდელი ახალგაზრდობა. თუმცა, ინდა აღინიშნოს ისიც, რომ კომპიუტერი გართობის კარგი საშუალებაა და ამიტომაც სარგებლობს დიდი პოპულარობით.

ტექნოლოგიებმა თავისი წვლილი შეიტანეს ხელოვნებაშიც. ჩამოყალიბდა, მუსიკის, ცეკვის, მხატვრობის, ფილმების ახალი ჟანრები. მაგალითად, ცეკვაში - „ელექტრონული ცეკვა“, მუსიკაში - „ელექტრონული მუსიკა“, მხატვრობაში - კოლაჯი და კიდევ რაღაც აბსტრაქტული ნახატები, რომლებიც სხვა არაფერია თუ არა ტექნოლოგიების გავლენა. მომრავლდა ფილმები რობოტებზე და სხვადასხვა მანქანებზე. შეიცვალა ბრძოლის კულტურაც. თუ ადრე უძვირფასესი იარაღი ფარი და ხმალი, ხოლო უმნიშვნელოვანესი ტრანსპორტი ცხენი იყო, დღეს ფარხმალი და ცხენი მთლიანად განდევნა ავტომატმა, კომპიუტერულმა მძიმე . მაგალითად, ცეკვაში - „ელექტრონული ცეკვა“, მუსიკაში - „ელექტრონული მუსიკა“, მხატვრობაში - კოლაჯი და კიდევ რაღაც აბსტრაქტული ნახატები, რომლებიც სხვა არაფერია თუ არა ტექნოლოგიების გავლენა. მომრავლდა ფილმები რობოტებზე და სხვადასხვა მანქანებზე. შეიცვალა ბრძოლის კულტურაც. თუ ადრე უძვირფასესი იარაღი ფარი და ხმალი, ხოლო უმნიშვნელოვანესი ტრანსპორტი ცხენი იყო, დღეს ფარხმალი და ცხენი მთლიანად განდევნა ავტომატმა, კომპიუტერულმა მძიმე შეიარაღებამ. ჩვენ ვიცით, რომ მთელი რიგი ქართული ცეკვები (ხორუმი, ფარცა) იქმნებოდა ბრძოლის თემატიკაზე, დღეს კი ეს ნაკლებად მოსალოდნელია.

შეიცვალა ადამიანების ურთიერთობის ფორმაც, სიცივე კედლად ჩამოწვა, ადამიანებს შორის იცვლება ბევრი რამ, მაგრამ არა ყველაფერი.

მიუხედავად კომპიუტერის „ყოვლისშემძლეობისა“ ჯერ-ჯერობით, მეტად ფასობს ადამიანის ნიჭი და გენია. ადამიანი ქმნის ტექნოლოგიას და არა პირიქით. დღეს ადამიანი ყოვლისშემძლეა, მაგრამ თუ მეცნიერებამ ასეთი ტემპით განაგრძო სვლა, საგულისხმოა, რომ მალე პირიქით იქნება. ყოველ შემთხვევაში დღესდღეობით ასე ჩანს და მერე რა იქნება არ ვიცი.

 

 

დათო ანდღულაძე

 

XXI საუკუნე კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარების ეპოქაა. ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მან უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა კაცობრიობის განვითარებაშო. თითოეული ჩვენგანისთვის კომპიუტერი იქცა ყოველდღიურობის აუცილებელ ატრიბიტად. არ მეგულება ბავშვი, რომელსაც არ უყვარდეს კომპიუტერული თამაშები, მოზარდი, რომელსაც არ ხიბლავდეს სხვადასხვა სოციალური ქსელი და ზრდასრული პიროვნება, რომელასც არ აინტერესებდეს ინტერნეტის საშუალებით მოპოვებული ინფორმაცია.

კომპიუტერული პროგრამები საშუალებას გვაძლევს გავიმარტივოთ ინფორმაციის მიღება, თუ მოპოვება. ინტერნეტის მეშვეობით შესაძლოა გავეცნოთ ვირტუალურ ენციკლოპედიას, რადგან თითოეულ წიგნში არსებული ინფორმაცია არის განსხვავებული და გამორჩეული, ხოლო ინტერნეტის ინფორმაცია კი - ადაპტირებული და ყველასთვის ცნობული. თუმცა ეს მხოლოდ ფრაზაა და სტატისტიკა კი სულ სხვა გვიჩვენებს. ამის დასამტკიცებლად პირადი მაგალითიც კმარა: თავისუფალი დროის თითქმის ნახევარზე მეტს კომპიუტერთან ვატარებ.

ჩემი აზრით, დღესდღეობით, ამ პატარა, მაგრამ დიდი ინფორმაციის მქონე მანქანას უფრო მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ ბიბლიოთეკას: სოციალური ქსელების მომხმარებელი უფრო მეტია, ვიდრე მსოფლიო კლასიკური ნაწარმოების მკითხველი. ამდენად, კომპიუტერი წარმოადგენს ჩვენი ეპოქის ტექნოლოგიურ სტიქიას.

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.