რამხელა ძალა აქვს ფურცელს... უბრალო ქაღალდს შეუძლია უკეთ გაგიგოს, ვიდრე ბევრმა ადამიანმა, რომელთაც ამ ცხოვრებამ გულები გაუყინა. თუმცა რა უნდა ვთქვა, მეც ხომ ნელ-ნელა მათ ვემსგავსები.
უჰ, არც კი ვიცი რა გიამბოთ. გონებაში იმდენი ფიქრები ტრიალებენ, უაზრო და დაულაგებლები, როგორც ეს მსოფლიო, ჩვენი ცხოვრება. ბევრს მოჰბეზრდა სიცოცხლე, მაგრამ მაინც ცხოვრობენ, დააბიჯებენ მრავალი სიბინძურით დამძიმებულ დედამიწაზე თავიანთი ნიღბებით და თამაშობენ, როგორც თეატრში. ბევრი მორწმუნე ადამიანი იფიქრებდა, რომ ღმერთმა შეგვაქცია ზურგი და არავინ ფიქრობს იმაზე, რომ ეს ჩვენ შევაქციეთ მას ზურგი და დავივიწყეთ ის.
მსოფლიო ვითარდება. იგონებენ ყველანაირ ახალ ტექნოლოგიებს. მაგრამ მე ვერ ვხვდები რისთვის?! რისთვის, თუ აღარ არის ადამიანებში ერთმანეთის სიყვარული, აღარ არის ჭეშმარიტება და გულღიაობა. თითქოს კაცობრიობამ მისი გაჩენიდან მთელი დროის განმავლობაში ამოწურა გრძნობების ლიმიტი. ჩვენ კი მხოლოდ ის დაგვრჩენია, რომ ვიცხოვროთ ამ გიგანტურ ქალაქებში, როგორც ცხოველები ტყეში, ყველანაირი ურთიერთობების და გრძნობების გარეშე.
მსოფლიო დაიცალა. დარჩა მხოლოდ ეს უაზრო ფიქრები, რომლებიც თითოეული ჩვენგანის თავში სხვადასხვანაირად ტრიალებს.
ფიქრებს წყვეტს სკოლის ზარი და ამით ჩემი ნაამბობიც მთავრდება.
ლაშა გალოგრე








