ვინ ვარ?
ღრუბლის ნაგლეჯი ვარ
და ზღვის ერთი წვეთი,
მთელი დედამიწის
მხოლოდ ერთი კენჭი,
ერთი ფოთოლი ვარ
ობლად ჩამომჯდარი
და მთის ნაკადული
ცრემლად დანაღვარი.
ქალი
ქალი სინაზეა,
სითბო, სიყვარული,
ქალი ალვის ხეა
მკაცრი, მედიდური.
აღელვებულ ზღვებში
ქალი, ზურგის ქარი
და თუ განარისხეს
ხდება ქარიშხალი.
ქალი დედა არის
და თავდავიწყება,
ყველას ცხოვრება ხომ
ქალით დაიწყება.
ჩემი კუთხე
ვით ჩემი კუთხე, მზიანი მხარე,
სხვა სილამაზე სად არის ნეტავ,
ეს ბუმბერაზი, დიადი მთები
როგორ ამაყად აჭრილან ზეცად.
მათი შემყურე ცაც მოხიბლულა
დედამიწისკენ ისწრაფვის მეტად,
თავზე ევლება, უკოცნის სახეს,
ვით მძივი მკერდზე ედება თეთრად.
ნინო ქათამაძე







