კონფლიქტი მშობლებსა და შვილებს შორის თანამედროვეობის ერთ–ერთი უდიდესი პრობლემაა, რომლის საბოლოო გადაწყვეტა ვერა და ვერ ხერხდება. ამ საკითხთან დაკავშირებით ყველა ადამიანს ინდივიდუალური აზრი აქვს, რომელთა შეთანხმება პრაქტიკულად შეუძლებელია: უფროსი თაობის წარმომადგენლების უმრავლესობას მიაჩნია, რომ პრობლემა ბავშვებშია, ხოლო ახალგაზრდებს პირიქით–ისინი კონფლიქტის მიზეზად მშობლებს ასახელებენ. რა თქმა უნდა ეს ყოველთვის ასე არ არის და არსებობს გამონაკლისი შემთხვევები.
ჩემი აზრით, პრობლემა ორივე დაპირისპირებულ მხარეშია და გამოსავალი მათ თავიანთ თავში უნდა ეძებონ და ეცადონ კონფლიქტი მაქსიმალურად მშვიდობიანად მოაგვარონ, მშვიდობიანად იმიტომ ვამბობ, რომ ხშირია შემთხვევები, როცა მსგავსი კონფლიქტები მთავრდება შვილების სახლიდან გაქცევით, პროტესტის გამოცხადებითა და არცთუ იშვიათად თვითმკვლელობის მცდელობითაც. სწორედ მსგავსი შედეგების თავიდან ასაცილებლადაა საჭირო მშობლებისა და შვილების გააზრებული მოქმედება ნებისმიერი კონფლიქტის მოსაგვარებლად.
რაც შეეხება დაპირისპირებული მხარეების დანაშაულს კონფლიქტში,ეს ძირითადად განსხვავებულ ეპოქასა და დროში ცხოვრების ბრალია. კერძოდ, მშობლებისა და შვილების განსხვავებული აზრი ამა თუ იმ საკითხზე განპირობებულია იმით, რომ ორივე მათგანი საკითხს თავისი ,,სათვალით’’ უყურებს და თავისი ,,ადლით ზომავს’’. მაგ: ავიღოთ ერთი პრობლემა, რომელიც ახალგაზრდა გოგონების უმეტესობას აქვს მშობლებთან – მას სურს მოკლე და საკმაოდ გამომწვევი კაბის ჩაცმა, მაგრამ მშობლები არ რთავენ ნებას, ამით გაბრაზებულმა გოგონამ შეიძლება დაკარგოს ყველანაირი ზღვარის შეგრძნება და ისეთი რამ გააკეთოს, რაც კარგად ასახავს რაც მის პროტესტს, ამასთან სამაგიეროს გადაუხდის მშობლებს და შესაბამისად გაართულებს ვითარებას. თავისმხრივ მშობლების ეს საქციელი (შვილის ჩაცმულობის მკაცრი კონტროლი) გამოწვეული შეიძლება იყოს იმით, რომ მათ დროში ასეთი ქვედაწელის ჩაცმა სირცხვილი იყო, ხოლო დღეს გოგოს ,,უტყდება’’ თუ ვერ იცმევს მოკლე კაბას.
რა თქმა უნდა ზემოთხსენებული მიზეზი არ არის ერთადერთი და შეიძლება ის სხვადასხვაგვარი იყოს, მაგრამ ყველა მათგანი მოგვარებადია თუ იქნება მცდელობა და სურვილი. შესაბამისად, მშობლებსა და შვილებს კონფლიქტის მოგვარება და საერთო ენის გამონახვა შეუძლიათ, ინიციატივა ამის გასაკეთებლად შეიძლება ორივე მხარემ აიღოს, მაგრამ მშობლები ალბათ უფრო უნდა ეცადონ.
მიქელაძე ენრი







