ერთი, ორი, სამი და ოთხი, ქანაობს ჩემი ქანქარა და თან ჩემი გულის ჰანგებს ჰყვება.
მე მიყვარს ეს ქანქარა.
რატომ იცი?
იმიტომ, რომ ის არ ჰგავს ადამიანს, მიუხედავად თავისი მდგომარეობისა, იცის სად უნდა გაჩერდეს. ჩვენ ადამიანები კი ვერ ვხვდებით ამას, თუ სად უნდა დასრულდეს ჩვენი მოქმედება. ადამიანები იმით ვართ გაგულისებულნი, რომ თითქოსდა ყოვლის შემძლენი ვართ, მაგრამ არაფერიც. ჩვენ ვართ ერთი უბრალო მოკვდავნი, რომლებსაც ვერ გაგვიგია თუ რამდენად მშვენიერია ჩვენი სამყარო.
ვუყურებ ახლა ამ ქანქარას და მისი ბურთები მთელი სამყარო მგონია. სამყარო, რომელიც ჩვენით, ორფეხა ცხოველებით არის დასახლებული, ილია მართალია, ადამიანი ორფეხა ცხოველია და მეტი არაფერი. ხალხი ცხოვრებას ამრეზითა და ზიზღით უყურებს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ის ასეთი არ არის. ცხოვრება შეიცავს სხვადასხვა ფერებს: წითელს, მწვანეს, თეთრსა და შავს. მთავარია, შენ, ადამიანი რა ფერს აირჩევ და რომელი ფერის სათვალეებით შეხედავ მას. დადიხარ დედამიწაზე, დააბოტებ აქ, დროს ატარებ და ვერ გაგიგია ის, რომ შენ დადიხარ იმ მიწაზე, სადაც უამრავმა ადამიანმა სიცოცხლე გაწირა თავისი ქვეყნისთვის. ეს ის მიწებია, რომელზეც უამრავი სამშობლოს სიყვარულით გულანთებული, მისთვის თავგანწირული ადამიანი დააბიჯებდა.
მაგრამ რა? ვინმეს ახსოვს ისინი?
არა! ისინი წარსულში ცხოვრობდნენ და დრომ მათი სახელები მეხსიერებიდან წაშალა.
დავდივარ ქუჩაში და უცებ თავში გამიელვებს, რომ ერთ დროს ეს მიწა გმირების სისხლით იყო მორწყული. აი, მაშინ გამძაფრებულად ვგრძნობ ქვეყნის სიყვარულსა და პატივს.
ადამიანები ვიბრძვით ყველაფრისთვის. გვინდა მოვიხვეჭოთ დიდება და ჩვენი უბადრუკი სახელი მსოფლიოს შემორჩეს, ამისთვის სხვის სიცოცხლესაც კი ვუქმნით საფრთხეს, იმ სიცოცხლეს, რომელიც ყოველ ადამიანს უფალმა უბოძა და რომელიც გამანადგურებელია კაცობრიობისთვის.
შური, ზიზღი, სიძულვილი, ანგარიანობა, ტყუილი ბევრი ადამიანის უმთავრესი თვისება.
გშურს, გეზიზღება, გძულს და ატყუებ ვის? ისევ ადამიანს.
რას იგებ ამით?
რას?
სრულიად არაფერს, მაგრამ შენ მაინც აგრძელებ შენს საქმეს.
მშვიდობა, სიყვარული, დამოუკიდებლობა, მეგობრობა, სიძულვილი და კიდევ ბევრი სხვა რამ, რაც წარმავაია. ისეთი დროა მოსული, როცა ბეგბედერის არ იყოს, ადამიანს ვარგისიანობის ვადა და ეტიკეტი დაედო.
ვისი ბრალია?
ვისი და ისევ ხალხის.
რა მოხდება, რომ გაქრეს ერთხელ და სამუდამოდ ბრძოლა ტერიტორიებისთვის, ბრძოლა რელიგიათა შორის დაპირისპირების გამო და ვიცხოვროთ ყველამ ერთად, მშვიდობიანად და ბედნიერად.
აი, ასე დავჯდები ხოლმე და ვუყურებ ქანქარას, უცებ გამიელვა ახალმა აზრმა, ვაი თუ ერთ დღეს მოწყდა ერთი ბურთი ამ ქანქარას.
რა დაგვრჩება მაშინ?
რა და მხოლოდ ფერფლი, აი ეს ჩემი მოთხრობა, წერილი თუ რაც არის ისიც კი გაქრება. გაქრება სიცოცხლე, მიწყდება ადამიანის გულის ძგერა და დარჩება მხოლოდ წყვდიადი და მეტი არაფერი. ჩვენ ადამიანები ღირსი ვართ, რომ მოხვდეს ასე, მაგრამ არ მინდა, არა, არა, არ მინდა, რომ მოხდეს ეს.
ასე დავჯდები ხოლმე, ჩემი ქანქარას წინ და მანამ, სანამ გაჩერდებოდეს ის, ვუყურებ მას, ვფიქრობ ათას რამეზე. აი, ახლაც გაჩერდა ჩემი ქანქარა და მიხვდა, რომ კმარა, მეტი მოძრაობა აღარ არის საჭირო და მეც ვიგრძენი, რომ დრო იყო გაჩერების, მაგრამ არა სუნთქვის შეწყვეტის.
მაშ ისევ ერთი, ორი, სამი და ოთხი.........ცხოვრება გრძელდება.