ერთმა ადამიანმა მთხოვა, სკოლის ბლოგისთვის დამეწერა. ჰო, კიდევ მითხრა, ყოფილი წარმატებული მოსწავლეების წერილები გვინდაო, ამ წერილში გულწრფელობა უნდა ყოფილიყო ამოსავალი წერტილი. მინდა მადლობა გადავუხადო ამ ადამიანს, ქალბატონ ნინო ჩხაიძეს, მე არ მასწავლიდა თუმცა ვიცნობდი, მე ყველას ვიცნობდი (ამ დროს ჩამეცინა) და მის პაროდიას ვაკეთებდი (ისე ბევრის პაროდიას ვაკეთებდი), მოსწონდა მავანს. მადლობა იმიტომ რომ წარმატებულ მოსწავლეთა რიცხვს მიმაკუთვნა. არავის და არასდროს არ უთქვამს, - ბახტაძე წარმატებული მოსწავლეაო. ჩემი აზრით, ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველი ისაა, რომ ჩემს კლასში სამი ძალიან კარგი მოსწავლე სწავლობდა, აი, ისეთები ყოველ დღე მზად რომ არიან გაკვეთილისთვის - ყველა საგანში. შესაბამისად, მასწავლებელთა უმრავლესობისათვის, წარმატების თვალსაზრისით, კლასი ორ ძირითად ჯგუფად იყოფოდა: პოტენციური ოქროს მედალოსნები და „დანარჩენები“. მე „დანარჩენების“ რიგებში ვიყავი (თუმცა კარგად ვსწავლობდი), ამიტომ წარმატებულ მოსწავლედ არ ვითვლებოდი, მაგრამ აქტიურად ვმონაწილეობდი სასკოლო ცხოვრებაში. ვიყავი თვთმმართველობის წევრი მეშვიდე კლასიდან, თავმჯდომარის ამპლუაც მოვირგე. ვიყავი „წიგნის მოყვარულთა კლუბის“ პრეზიდენტი (დიდი მადლობა ამ კლუბს, მან ჩემს ცხოვრებას ბევრი რამ შესძინა), ბოლოს გავხდი სკოლის წარმომადგენელი ბათუმის მერიაში (გავცდი სკოლის საზღვარს). მოკლედ, ვიყავი ყველგან, მაგრამ აქტიური და არა წარმატებული მოსწავლე. ბახტაძე? -კი, კაი ბიჭია, აქტიური. ჰოდა ასე აქტიურად და აქტიურმა დავამთავრე სკოლა. აი, გულწრფელობის პირველი სერია.
სკოლა ჩემი საყვარელი ადგილია, დღემდე ასეა. განსაკუთრებით საყვარელი მეთორმეტე კლასში გახდა, როცა ვხვდებოდი, რომ მომავალ წელს მოსწავლე აღარ ვიქნებოდი და სხვა გარემოში მომიწევდა გადასვლა. მწყდებოდა გული - თორმეტი წელი ერთ სკოლაში გავატარე, ერთსა და იმავე ადამიანებთან. ამ კედლებში მოვიდა პირველი წარმატება (და მაინც იყო ის ჩემს მოსწავლეობაში), პირველი აღიარება, პირველი სიყვარული. რთულია ამ მოცემულობის რადიკალურად შეცვლა (ჩემთვის რთული იყო). იმ რეკლამის არ იყოს, „არ მინდა რომ სიახლის მეშინოდესო“ -მეშინოდა, თანაც ძალიან. ამაზე მოგვიანებით. როცა სკოლაზე ფიქრს ვიწყებ მახსენდება ქიმიის გაკვეთილები, სკოლის დამთავრებისას ვთქვი კიდეც, მგონი ბანკეტზე, „სკოლის პერიოდიდან ყველაზე მეტად ზაირა ჯანელიძის გაკვეთილები მომენატრება-მეთქი“ (აღსანიშნავია, ქიმიის ფაკულტეტზე ჩავაბარე). ძალიან ბევრი და კარგი ამბის გახსენება შეიძლება, ყველაზე მთავარი და ფასეული რაც სკოლამ მომცა ურთიერთობები და მეგობრებია. ვმეგობრობ ჩემს ყოფილ მასწავლებლებთან - მარინა ფაღავას შეიძლება გაანდო ყველაზე „სეკრეტნი“ ამბები. მაია გაბაიძე ძალიან მკაცრია, ამავდროულად ძალიან უშუალო, როცა რაიმე მნიშვნელოვან თემაზე საუბრობს მგონია, რომ მე ვლაპარაკობ, მოკლედ, ჩემი სულის ადამიანია. მზია თევზაძე - ადამიანი, რომელიც სამაგალითოა ჩემთვის, ამით ყველაფერია ნათქვამი. ზაირა ჯანელიძემ ქიმიკოსობა გადამაწყვეტინა. მუდმივი/დაუსრულებელი კამათი ნატალია დარჩიასთან, თუ რატომ ვერ შევიყვარე ფიზიკა. ნატო მოისწრაფიშვილი ყურით „დამათრევდა“ და მგზავნიდა სხვადასხვა შეხვედრებზე, კარგი თვითმმართველი რომ გამოვსულიყავი. ნანული რომანაძემ „წიგნის მოყვარულთა კლუბში“ მიმიყვანა, სადაც მარიამ ჭანტურია გავიცანი - ადამიანი, რომელიც ჩემზე ხმამაღლა იცინის (უი, გაკვეთილზე საერთოდ არ იცინის. ერთხელ შემოვიდა ჩვენს კლაში, ძალიან მკაცრია). ნელი აფხაზავა, ჩემი აზრით, ყველაზე კეთილი და თბილი ადამიანია ჩვენს სკოლაში. კლასიდან შემომრჩა რამდენიმე ადამიანი, რომელთა გარეშე მე, მე არ ვარ, ჩემი ცხოვრებაც წარმოუდგენელია მათ გარეშე. რაც შეეხება ყველაზე მთავარს, - განათლებას. ვფიქრობ ამ კუთხით მივიღე ის მნიშვნელოვანი ცოდნა და უნარები რაც ეხმარება ადამიანს, გახდეს პროფესონალი. მე 2013 წელს დავამთავრე სკოლა , ჩვენს თაობას მოუწია საკუთარ თავზე, ტყავზე, მხრებზე, ტვინზე გამოეცადა ყოველწლიური რეფორმები და რეორგანიზაციები. რეფორმა, რასაკვირველია, კარგი და აუცილებელია, მაგრამ ისეთ კონსერვატიულ მეცნიერებასთან როგორიც განათლებაა, მეტი სიფრთხილე იყო საჭირო. მიუხედავად ამ ფონისა, სკოლამ მომცა კარგი ზოგადი განათლება, დამისახა სწორი ორიენტირი, ჩამომაყალიბა აქტიურ მოქალაქედ. ამიტომ, როცა თბილისიდან ჩამოვდივარ, პირველი ადგილი,რომელსაც მე და ჩემი მეგობრები ვსტუმრობთ, სკოლაა. მენატრება ყველაფერი, მენატრება სკოლის დერეფნები და მენატრება საკუთარი თავი სკოლაში.
კარგია კარგი მოგონებები, მაგრამ აბსოლუტური გულწრფელობა მთხოვეს, ამიტომ ცუდ მოგონებებზეც უნდა დავწერო, მკითხველო. ერთხელ ერთმა მასწავლებელმა მითხრა: „ბახტაძე, შენ ვერსადროს ვერაფერს ვერ მიაღწევ ცხოვრებაში, ყველაფერი რაც ახლა გაქვს დაუმსახურებლად გაქვს“ (ალბათ პროტექციას გულისხმობდა „დაუმსახურებლობაში“, მაგრამ არ ვიცი საიდან მოიტანა ეს ამბავი, დედაჩემი მხოლოდ მშობელთა კრებებზე დადიოდა. არასდროს მოსულა სკოლაში, ემანდ ჩემს შვილს ნიშანი მოუმატეთო. ეგ კი არა, ღონისძიებებსა და ზეიმებს არ ესწრებოდა, ან ძალიან აგვიანებდა მოსვლას). მახსოვს, ქიმიის გრაფა გადაშალა, ათიანები დაინახა და „გამოცდა“ მომიწყო, „მე კარგად ვიცი ქიმია და ვერ მომატყუებო“! მოკლედ, ამ ამბავს თითქოს ყურადრება არ მივაქციე, მაგრამ შემეშინდა და სადღაც გულის გულში მქონდა, სამწუხაროდ ახლაც მაქვს, დალექილი ეს შიში, წარუმატებლობა. დიდი ხნის წინ, საკუთარი თავი გამოვიჭირე, რომ განათლების/სწავლის სურვილი წარუმატებლობის შიშით მქონდა განპირობებული. რთულად, მაგრამ ვაღიარე საკუთარ თავთან, ეს ჩემი კომპლექსია და უნდა ვებრძოლო მას. არ შეიძლებ სწავლის, განათლებისა და განვითარების სურვილი რაიმე სახის შიშზე იყოს დაფუძნებული.
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, გავხდი სტუდენტი! წავედი სხვა ქალაქში და სხვა გარემოში. არ მომწონდა არაფერი, საერთოდ არაფერი - პირველივე პარასკევს ბათუმში დავბრუნდი (ჯანდაბა, როგორ შევცდი, რა მინდოდა თბილისში-მეთქი). ჩემი მეგობრები აღფრთოვანებითა და სიხარულით შეხვდნენ სტუდენტობის პირველ დღეებს. ჩემთვის ეს იყო საშინელი რუტინა. ალბათ ამის მიზეზი ისაა, რომ აქტიური და წარმატებული მოსწავლეობის შემდეგ, ველოდი უკეთეს, შემოქმედებითად დატვირთულ ცხოვრებას, სამწუხაროდ ეს ცხოვრება არ დადგა. მაშინ ჩავთვალე, რომ ყველაზე დიდი იმედგაცრუება ჩემს ცხოვრებაში სტუდენტობა იყო. მეგონა, ხელგაშლილი, სიხარულითა და ახალი შემოთავაზებებით მიმიღებდა უნივერსიტეტი. ღმერთო, რა პათეტიკაა, იქ ხომ ჩემნაირი და ჩემზე უკეთესი უამრავი აბიტურიენტი ჩაირიცხა. ამ იმედგაცრუებითა და უიმედობით დავამთავრე პირველი კურსი, ამ წელს ყველაზე სასიხარულო, ბათუმისკენ მომავალი მატარებლის ხმაური იყო, რა თქმა უნდა, საკუთარი თავი მომწონდა ამ ხმაურში! საბედნიეროდ, მეორე კურსიდან მივხვდი, ყველაფერი უნდა დამეწყო თავიდან, როგორც ერთ დროს სკოლაში - „წარმატებულობა“, რომ მინდოდა და აქტიური მოსწავლის სახელი რომ შემრჩა ხელში. თუ როგორი სტუდენტი ვარ ახლა ამას რამდენიმე წელიწადში მოგწერთ, თუ მომეცემა ამის საშუალება. უხერხულია ახლა ამაზე ლაპარაკი (გულწრფელობა კი მთხოვეს, მაგრამ „ნამეტარია“).
დროა ეს წერილი დავასრულო, თქვენც დაიღალეთ ალბათ. მინდა, ყველა მოსწავლეს ვუთხრა - ნებისმიერ შემთხვევაში აქვს ბრძოლას აზრი, იბრძოლეთ თქვენი წარმატებისთვის. ნიშნები არაფერს არ ნიშნავს, იყავით ლაღები და მოტივირებულები. ჩაერთეთ ყველა პროექტში რომელსაც საგანმანათლებლო სივრცე და არასამთავრობო სექტორი გთავაზობთ. გახდით აქტიური მოქალაქეები, გქონედ საკუთარი აზრი და არ შეგეშინდეთ ამ აზრების გამოხატვა, არ დაითრგუნოთ თუ მათ სხვები არ იზიარებენ. აბიტურიენტებს ვურჩევ, კარგად დაფიქრდნენ მომავალ პროფესიაზე, მხოლოდ ზედაპირული წარმოდგენით ნუ მიიღებთ ამ გადაწყვეტილებას. ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა, - არ შეწყვიტოთ სრულყოფის პროცესი, ისწავლეთ ბევრი, განათლება დიდი ძალაა... წერილი მინდა გალაკტიონის სიტყვებით დავამთავრო, ამ სიტყვებს ჩემი მასწავლებელი, მზია თევზაძე ხშირად მიმეორებდა - „სიტყვა არ გაბედო, რომ შენ დაიღალე, განზე გადექი და ტყვია დაიხალე“.
გისურვებთ წარმატებას!