ამინდის პროგნოზი

ბმულები

დავყურებ ჩემივე ხელით ფანქრით ჩაწერილ ცხრილს(ფანქრით , რადგან ეს ცხრილი__ ცოცხალი ორგანიზმი_მუდმივი ცვლილების მოლოდინშია). ამ ცხრილზეა დამოკიდებული სკოლის ყოველდღიური მაჯისცემა. ჩემი სასწავლო წელი ცხრილზე მუშაობით იწყება, ჩემი დღის სათავეც ეს ცხრილია. ალბათ, ამიტომაც ჩემი სასკოლო ფიქრების პირველი რიგი სწორედ ცხრილს უკავშირდება.

ფიქრი პირველი.

მასწავლებელთა დატვირთვა ცალკე ცხრილშია ასახული.ჩემს კოლეგებს 20,21 24 საათი აქვთ კვირაში ჩასატარებელი. რა მძიმე შრომაა ამდენი გაკვეთილი დღეს მასწავლებლისთვის. მერე რის ფასად? დაბალი ანაზღაურების, დაუზოგავი ნერვებისა და დიდი ენერგიის გაცემის საზღაურად. ვისაც ჩემი ქართულის მასწავლებლის ლეილა გურგენიძის ერთი გაკვეთილი მაინც მოუსმენია, იტყვის: თვით ქალბატონი ლეილაც ვერ შეძლებდა თანამედროვე ბავშვებთან შეჭიდებას 4 და 5 გაკვეთილის განმავლობაში. არადა, განაკვეთი 18 საათია, ქართულში (და არა მხოლოდ ქართულში) განაკვეთის შესასრულებლად მასწავლებელს კვირაში 20 საათის ჩატარება უწევს. აი, ერთი მიზეზი ,რის გამოც ემსგავსება რიგ შემთხვევაში ჩატარება მხოლოდ „გატარებას“.

 

ფიქრი მეორე .

დღეს ხმამაღლა ლაპარაკობენ მასწავლებელთა ხელფასების მატებაზე. ხელფასების მატება კი ყველაზე პირობითია, ამიტომაც ნაკლებად დაეტყო ის სკოლის მუშაკთა ჯიბეს . რატომ? ალბათ, ამაზე ყველას აქვს პასუხი. მასწავლებელი, რომლის დიპლომი ეჭვქვეშ დააყენა სახელმწიფომ, დღეს უამრავი გამოწვევის წინაშე დგას. შეფასების სქემაში ჩართვა, გაუთავებელი ტრენინგები, ათასგვარი რეფლექსია, ელექტრონულ ვერსიებამდე დაყვანილი გაკვეთილები,მუშაობის ანგარიშები და ანალიზები. მგონი,საქმე იქამდეც მივიდა, ზოგს გვერდზე დარჩა მოსწავლე, მისი სული, მისი აღზრდა, მისი ტკივილი და სიხარული; დარბიან მასწავლებლები ფურცლებით, ავსებენ და ასქელებენ პორტფოლიოებს, და ეს იმისთვის კი არა , რომ მოსწავლის კეთილდღეობაზე იფიქრონ, არამედ იმისთვის, რომ დღეს სქელი პორტფოლიო მოდურია.

ფიქრი მესამე.

მშობელთა უმეტესობა საშოვარზეა გასული და მთელი დღე მუხლჩაუხრელად შრომობს,მასწავლებელი კი, ჩატარებული სამუშაოს გაფორმებით დაკავებული, კრედიტების მოლოდინში,ვეღარ იცლის მოსწავლისთვის,თავისი სატკივარიც ბევრი აქვს.არადა,როგორ სჭირდებათ ჩვენს ბავშვებს პირისპირ დაჯდომა,თვალებში ჩახედვა;განსაკუთრებით მოზარდებს უნდათ,ვიღაცას გული გადაუშალონ,საკუთარ პრობლემებზე უამბონ;თუნდაც იმაზე,რომ უკვე გაიზარდნენ,რომ თვითონაც ვერ ცნობენ საკუთრ თავს და,ფაქტობრივად,არც იციან, რა ემერთებათ. ვინ მიხედოს მათ,ვინ იზრუნოს მოსწავლეებზე?მშობელმა,– მეტყვით თქვენ. კი,ბატონო,მაგრამ მასწავლებლის როლი უგულებელვყოთ?

ფიქრი მეოთხე

ისევ წინ მიდევს ჩემი ხელით ფანქრით დაწერილი გაკვეთილების ცხრილი.იქნებ მე ვცდები,მაგრამ ეს ექვს–ექვსი გაკვეთილი მე_5– მე_6 კლასებში, შვიდი გაკვეთილი მე_9, მე_10 და მე_11 კლასებში რამდენად მოსახერხებელი და მორგებულია შესაბამისი კლასისა და ასაკის მოსწავლეებისთვის.სისხლი უდუღთ მე_9 კლასის მოსწავლეებს,კანში ვერ ეტევიან,ტემპერატურაც განსაკუთრებით მაღალია მეცხრეკლასელების საკლასო ოთახებში,ჩემი ცხრილი კი ამ მოსწავლეებს შვიდ გაკვეთილზე დასწრებას,აზროვნებას,შიმშილის დაოკებას თხოვს,კაცმა რომ თქვას,მე რა შუაში ვარ,ეგებ ვინმე მავანი საათობრივ ბადეზეც დაფიქრდეს.

ფიქრი მეხუთე

მათთვის,ვინც საათობრივ ბადეზე დაფიქრდება.

მე-7, მე-8, მე-9 კლასებში ღირს კი ამდენი ხელოვნების,მუსიკის გაკვეთილი.ქართულსა და ისტორიაში ხომ ისწავლება რიგი საკითხები ხელოვნებიდან და მუსიკიდან.ხომ არ ჯობდა სანაცვლოდ საბუნებისმეტყველო საგნების (ბიოლოგიის,ფიზიკისა და ქიმიის) გაძლიერება?

ან რას აძლევთ მეათე–მეთერთმეტეკლასელებს ე.წ. არჩევითი საგნების ან საგზაო ნიშნებისა და მოძრაობის უსაფრთხოების სწავლა.მე_12 კლასში აბიტურის საათებია (ქართულში– 1, მათემატიკაში–1, უცხოურ ენაში–2, ისტორიაში–1) თუ ეს საათი საჭიროა, მაშინ რატომ არ უნდა დაესწროს მას ყველა მოსწავლე, თუ არ არის საჭირო, რისთვის ვღლით ან მასწავლებელს,ან რისთვის ვტვირთავთ ცხრილს?

ფიქრი მეექვსე.

ორი–სამი დღეა ყველა სატელევიზიო არხი სვამს კითხვას: ვის ვაბარებთ ჩვენი შვილების ბედს? ვის ხელშია ჩვენი მომავალი? და ა. შ.

რიტორიკული შეკითხვების ამ და მსგავს სერიას პასუხი არ სჭირდება . მე მაქვს კითხვა ამ ჟურნალისტებთან,ან იმ ადამიანებთან,ვინც ამაზე უნდა დაფიქრდნენ: დარწმუნებული ხართ,რომ ყველა სერთიფიცირებული მასწავლებელი საუკეთესო გაკვეთილს ატარებს, ფლობს კლასის მართვის სტრატეგიებს და აქვს იმაზე კარგი შედეგი,ვიდრე არასერთიფიცირებულებს? და კიდევ:თქვენ, ასეთი კარგები, გონიერები ,ახალი სკოლის მაშენებლები , მასწავლებლებმა ხომ აღგზარდეს?

ფიქრი მეშვიდე

( დასკვნის მაგივრად.)

მე კი ვფიქრობ,მაგრამ ფიქრი ფიქრად რჩება.

და, საერთოდ, სკოლის, მოსწავლეებისა და კოლეგების სიყვარულმა გადამაწყვეტინა ხმის ამოღება, ეს ხმაც თუ არ დარჩა ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა.

მზია თევზაძე სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე.

13 მარტი,2016 წელი

სკოლის  სტრატეგიული  ხედვა

ჩვენი სკოლა ამზადებს მოსწავლეებს წარმატებული მომავლისათვის.

სკოლის მისია

ჩვენი სკოლა მოსწავლეების წარმატებული მომავლისათვის მომზადებას მიაღწევს იმით, რომ უზრუნვლყოფს უსაფრთხო და წამახალისებელ გარემოს, განათლების სრულ მისაწვდომობას და ერთნაირ მოლოდინს ყველა მოსწავლისათვის, სწავლა-სწავლების მაღალ სტანდარტებს, მასწავლებელთა უწყვეტ პროფესიულ განვითარებას.