ქალაქ ბათუმის დრამატულ თეატრში წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.
ბათუმის სკოლების მოსწავლეებს კომპიუტერები გადასცეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გელა გელაძემ, ქალაქ ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა.
ალექსანდრე წულაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მოსწავლეებს მიღწეული წარმატება პირადად მიულოცა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები ყოველწლიურად გადაეცემათ. წელს საქართველოს მასშტაბით ასეთი 5000-მდე მოსწავლე დაჯილდოვდება.
2024 წელს აჭარის რეგიონში ჯამში 396 წარჩინებული მოსწავლეა, აქედან 181 ბათუმის სკოლებში სწავლობს.
კომპიუტერების გადაცემაში ასევე მონაწილეობა მიიღეს: აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ჯემალ სურმანიძემ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ირაკლი კუპრავამ და ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა გოჩა დავითაძემ.
ყოველწლიურად კომპიუტერები გადაეცემათ იმ საჯარო სკოლების მოსწავლეებს, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს.
პროგრამის მთავარ მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და სკოლებში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ წარჩინებული მოსწავლეების რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია. გასულ წელს საქართველოს მასშტაბით 4 846 წარჩინებული მოსწავლე იყო, წელს კი – 4 956 მოსწავლეა.