ერის დიდი პოეტი, მგოსანი, ქართველი ხალსის სიამაყე, დიდი მოძღვარი, გულის მესაიდუმლე, ქართული პოეზიის მშვენება _ ასე ახასიათებს ქართველი ხალხი თავის საყვარელ პოეტს, რადგან ხალხის წარმოდგენაში აკაკი წერეთელი ცხოვრობდა, როგორც მუდამ ახოვანი, მუდამ თეთრი თმით შემოსილი მოხუცი და წინასწარმეტველის იერით დამშვენებული მქადაგებელი.
აკაკის პოეზია ეს არის მაღალი, ზღაპრული ხე, რომლის ჩრდილშიაც ჩვენი გრძნობები დღესაც სულს ითქვამენ.
აკაკი წერეთლის პოეზია დღეს ცოცხალი, ქმედითი პოეზიაა და ყველას, ვისაც მისი ცხოველმყოფელი სხივი მისწვდება აამაღლებს, მას ეკუთვნის და ამიტომაც უნდა იზრუნოს კიდეც მასზე.
წელს მთელი საქართველო დიდი სიყვარულით აღნიშნავს აკაკი წერეთლის 170–ე წლისთავს. ჩვენი სკოლაც შეუერთდა ამ სახალხო ზეიმს. სკოლაში ჩატარდა დიდი პოეტისადმი მიძღვნილი კვირეული.
29 ნოემბერს კი სკოლის სააქტო დარბაზში მეოთხეკლასელებმა ჩაატარეს ზეიმი ,,აკაკის საუფლოში.“ ზეიმს ესწრებოდნენ სკოლის დირექცია, ადმინისტრატორი, პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები.
საგანგებოდ მორთულ დარბაზში მოსწავლეებმა გააცოცხლეს აკაკის მოგონებები, პატარა აკაკის მშობლიური ადგილები: სხვიტორი, სავანე, სოფელში გატარებული წლები, გიმნაზიაში სწავლის პერიოდი, სტუდენტობა და მისი შემოქმედება.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიციები, წაიკითხეს ლექსები: ამირანი, სიზმარი, მუხამბაზი, ნაწყვეტები სხვა ლექსებიდან, მოგონებები: ,,პაწია ბაჯბაჯა“, ,,ქოლგიანი გოგონა“, ,,აკაკის ქუდი“. ისაუბრეს მის შემოქმედებაზე, მის მარადჭაბუკულ გულზე, რომელიც თავისი ქვეყნის სიყვარულით იყო ანთებული. ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზდამ თავისი სიცოცხლე მამულის სამსხვერპლოზე მიიტანა, ტრფიალების ერთადერთ და შეუცვლელ საგნად სამშობლო გამოაცხადა. მისი ლექსები ერთი მთავარი წერტილის გარშემო იკრიბებიან და ეს მთავარი წერტილი მისი სამშობლოა.
აკაკის ლექსი, მთელი მისი პოეზია თითქმის ერთი ლოცვაა,_ სამშობლოს სადიდებლად აღვლენილი ოსანა. ის ჩვენს მეხსიერებაში რჩება სამშობლოს მარად მიჯნურად, მასზე შეყვარებულ უერთგულეს პიროვნებად. ეს მარადიული სიყვარული ახლაც თან გვდევს და ჩვენ ყოველდღიურად ვგრძნობთ მის სითბოს, მამაშვილურ ალერსს.
დარბაზში აჟღერდა მის ლექსებზე შექმნილი სიმღერები: ,,სულიკო“, ,,ციცინათელა“, ,,ჩონგური“. თვით აკაკის არსებობა მისი მეტყველების შეუბოჭავი მდინარება, თავისუფალი მიმოხვრა და სიმსუბუქე კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მისი ლექსები უძველესი დროიდან იმღერება.
ღონისძიებას თან სდევდა მუსიკალურად გაფორმებული სლაიდები, რომლებზეც წარმოდგენილი იყო აკაკის პირადი ნივთები, სახლი სხვიტორში, სავანეში, სურათები მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად, მისი მოგზაურობა რაჭა ლეჩხუმში.
ღონისძიების ბოლოს სიტყვით გამოვიდა სასწავლო ნაწილის გამგე ნ. გოგოლიშვილი. მან მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს და პედაგოგებს ნ. ზენაიშვილს, დ.ჯინჭარაძეს, ი. თვალოძეს, მ. გრიგოლიას, მ. დვალს. კიდევ ერთი სასიამოვნო ღონისძიების მომზადებისთვის.







