ამინდის პროგნოზი

ბმულები

...ღამით  საშინელმა  ხმაურმა გამაღვიძა. კარგად  გავიგონე  აფეთქების  ხმა. დედა  ჩემს ოთახში შემოვარდა, ხელში ამიყვანა და მაგრად ჩამიკრა გულში.  ყველანი  გარეთ გამოვცვივდით  მივრბოდით,  მაგრამ  არ  ვიცოდით  სად.  ხმები ისევ  მესმოდა. ვხედავდი როგორ გარბოდა ხალხი სხვადასხვა მხარეს, დედას მაგრად ვუჭერდი ხელს, არ მინდოდა დამეკარგა.

ძალიან ბევრი ვირბინეთ. დედამ ხელში ამიყვანა, ხელები მქონდა შემოხვეული და უკან ვიხედებოდი. კვამლის გამო ვერაფერი გავარჩიე. ის კი დავინახე -იქ, სადაც ჩემი სკოლა იყო, ახლა მხოლოდ  ქვები  ეყარა.


უცებ დედა მუხლებზე დაეცა. ძალიან დაიღალა. თითქმის ორი საათი იყო, რაც სახლიდან გამოვიქეცით და მას მერე არ შეუსვენია. საწყალი....  ვხვდებოდი ძალიან ცუდად იყო, მაგრამ არ იმჩნევდა. სცადა, მაგრამ ვერ წამოდგა. მითხრა გაყევი ხალხს და მეც მალე დაგეწევიო. მე ტირილი დავიწყე. არ მინდოდა მარტო დამეტოვებინა. მას ჩემს გარდა არავინ ჰყავდა. მაგრად  მივეკარი და ორივე ერთად ვტიროდით. ის პირჯვარს იწერდა  და ჩუმად ლოცულობდა. ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა და ამის შემყურე მეც ვტიროდი. ბოლოს თავს ძალა დაატანა, ძლივს წამოდგადა უფრო ნელა წავედით წინ. უნდოდა  ხელში ავეყვანე, მაგრამ შემეცოდა და ვუთხარი არ დავღლილვარ-მეთქი.

მამა მაინც ყოლოდა გვერდით. დედა ძლიერი ქალი იყო. მხოლოდ ორ ჯერ მყავს  ნანახი  ატირებული.  პირველად როცა მამა გვიან დაბრუნდა სახლში, დედა სცემა, კარი გაიჯახუნა და წავიდა. მას შემდეგ არც მინახავს, და მეორედ-ახლა.

ვიცი დედა განიცდიდა  მამის წასვლას, მაგრამ ჩემთან არასოდეს ტიროდა. მახსოვს ბებიას ელაპარაკებოდა, პატარაა და არ მინდა მიხვდეს რაც ხდებაო. ექვსი წლის ვიყავი, მაგრამ მაინც ვხედავ და მაინც მესმის-ეს ომია! ფილმებში  მინახავს  და ბაბუასგან გამიგია.

რატომ გონიათ უფროსებს, რომ პატარები ვერასოდეს ვერაფერს ვერ ვხდებით? მინდა ხოლმე დედას დაველაპარაკო, გული გადამიშალოს..... პატარა ვარ, მაგრამ  გავუგებ, იმდენს გავუგებ, რამდენსაც ჩემი პატარა გული დაიტევს.

სამი დღეა, რაღაც შენობაში ვართ. მხოლოდ ოთხი  კედელია  და ამდენი ხალხი  ვეტევით. ძალიან მცივა.... დედას გვერდიდან არ ვშორდები. ღამღამობით ტირილით მეღვიძება, სულ ის დღე მესიზმრება და მეშინია... დედა ძალიან განიცდის, მე კი  მასზე ვნერვიულობ. ერთხელ ვუთხარი ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი და ყველამ, ვინც იქ იყო, სიცილი დაიწყო-ამას შეხედე, რა პატარაა და დიდი კაცივით ლაპარაკობსო. რა კარგია ბავშვობა, უდარდელები არიან და ვერაფერს ვერ ხვდებიანო. არადა, მე ვხვდები! ვიცი ეს რომ ვთქვა, ისევ დამცინებენ, მაგრამ მე ყველაფერს ძალიან კარგად ვხვდები.

დიდი რომ გავიზრდები დედას იქ წავიყვან, სადაც არც აფეთქებებია და არც ცუდი ადამიანები...  სადაც მხოლოდ ბევრი კეთილი ბიძია და დეიდაა.... იქ სადაც არავინ ტირის!.....

მირანდა სურმანიძე

XII   კლასი

სკოლის  სტრატეგიული  ხედვა

ჩვენი სკოლა ამზადებს მოსწავლეებს წარმატებული მომავლისათვის.

სკოლის მისია

ჩვენი სკოლა მოსწავლეების წარმატებული მომავლისათვის მომზადებას მიაღწევს იმით, რომ უზრუნვლყოფს უსაფრთხო და წამახალისებელ გარემოს, განათლების სრულ მისაწვდომობას და ერთნაირ მოლოდინს ყველა მოსწავლისათვის, სწავლა-სწავლების მაღალ სტანდარტებს, მასწავლებელთა უწყვეტ პროფესიულ განვითარებას.