ამინდის პროგნოზი

ბმულები

თხუთმეტი წელი არც თუ ისე პატარა ასაკია იმისთვის, რომ ვერ შევძლო ცხოვრებას რეალური თვალით შევხედო. ცხოვრება რთულია. ამას ყველა ამბობს, დაბადებიდან გარდაცვალებამდე ამ ერთ ფრაზას ძალიან ბევრჯერ შეიძლენა მოვკრა ყური. ბავშვობაში ალბათ ვერც კი წარმოვიდგენდი იმას, თუ რას ნიშნავს ცხოვრების სირთულე. პრინციპში რას გავიგებდი მაშინ, როცა ერთადერთ პრობლემას ჩემს ცხოვრებაში თოჯინისათვის კაბის არჩევა ან გატეხილი ფინჯანის დამალვა წარმოადგენდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად ვფიქრობ, ან უფრო სწორად მეფიქრება წუთისოფელზე. არაამქვეყნიური საიდუმლოებების ძიება საკუთარ თავში ოდესღაც სისულელედ მიმაჩნდა. ახლა კი უკვე ვხედავ, რომ მალე ჭკუიდან შევიშლები. არასოდეს მეტყობა გარეგნულად თუ რაზე ვფიქრობ. არავინ იცის რომ ჩემში არსებობს პროტესტი უამრავი რამის მიმართ, ინტერესი უამრავი რამის მიმართ, კითხვები უამრავ საკითხთან დაკავშირებით. ხშირად მიჩნდება სურვილი ვიღაცას მოვუყვე ყველაფერი, ყველაფერი რაც ჩემს გულსა და გონებაშია. თითქოს დავაპირებ კიდეც ამოვღერღო განცდები ჩვეულებრივი სიტყვებით, მაგრამ მერე ვხვდები რომ ეს შეუძლებელია. გამორიცხულია ადამიანმა ჩემი აზრების დახლართულ დერეფანში გაიაროს და არ თქვას ვინ არის ეს გიჟიო. პრობლემად მიმაჩნია ის, რომ არ მყავს ადამიანი, რომელსაც ყველაფერს ვეტყვი. გული მწყდება, ყელში ბურთი მეჩხირება და თვალები ცრემლებით მევსება იმ დროს, როცა ვაანალიზებ, რომ ამ ქვეყნად ჯერაც ვერ მიპოვნია პიროვნება, რომელსაც შემიძლია გულახდილად ავუხსნა თუ რა მაწუხებს. არ მინდა დედაჩემი მხოლოდ იმაზე მესაუბრებოდეს თუ რა გავაკეთე გაკვეთილზე, რა ნიშნებით გავალამაზე ჟურნალი, რამდენმა მასწავლებელმა ამავსო უბრალო და ბრალიანი ეპითეტებით. არ მინდა მეგობარს იმაზე ველაპარაკო თუ რა ვიყიდე, რა არ ვიყიდე, ვის რა მივწერე და რა მომწერა მან სანაცვლოდ. სიყვარულიც კი არ მინდა, რადგან ვიცი ჭეშმარიტი გრძნობა მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში ფიქსირდება.

საბოლოოდ მიწევს ვესაუბრო აბსტრაქტულ პიროვნებას, რომელიც მისმენს, სანაცვლოდ კი ვერაფერს მეუბნება, ვერ მირჩევს რა გავაკეთო უაზრო ცხოვრების აზრიანად გამოყენებისათვის. არ მწამს იმის, რომ დატვირთული გრაფიკი კარგი მომავლის საწინდარია. მატერიალური უზრუნველყოფა არ არის მთავარი, რატომ ვერ უნდა ხვდებოდეს ადამიანი ამას?! მომბეზრდა ყოველდღიური ერთფეროვნება: უძილობა, სკოლა, მუსიკის გაკვეთილები, გერმანული, ფიზიკა, მეცადინეობა. თან ეს ყველაფერი ისეა ორშაბათიდან-ორშაბათანდე განაწილებული, რომ ადამიანობისთვის დრო არ მრჩება.

განცდებისა და გრძნობებისაგან დაცლილი ყოველთვის ცუდ ხასიათზე ვხდები, მაგრამ როგორც ყოველთვის ჩემს ირგვლივ მყოფნი ვერაფერს ხვდებიან. დღეების, თვეების განმავლობაში ვესაუბრები აბსტრაქტულ არსებას, შენ, რომელიც ერთადერთია, რომელსაც ჩემი დახმარება შეუძლია.

ცხოვრება სპექტაკლია....  მნიშვნელოვანი არ არის ის, თუ რამდენი ხანი თამაშობს მსახიობი, არამედ ის თუ როგორი აპლოდისმენტები იქნება დასასრულს. კარგი იქნებოდა მქონდეს მიზანი, რომლისთვისაც ვიცხოვრებ, მაგრამ ჩემს ასაკში ვერ ვპოულობ მოწოდებას, მისწრაფებას, რომლის მეშვეობითაც დავიმსახურებ აპლოდისმენტებს. ეს ნაკლია თუ კარგი თვისება, კრიტიკოსემბა განსაზღვრონ, მე კი რა დამრჩენია? ის, რომ ვუყურო როგორი სიყალბით, აფერისტობით მოქმედებენ ადამიანები, ბრბო.ხანდახან მეზიზღება ყველაფერი ჩემს გარშემო, რადგან ვხვდები რომ ყველაფერი ტყუილის, სიყალბის ნაყოფია და სხვა არაფერი. როგორ წარმომედგინა ადრეულ ასაკში, რომ ცხოვრება ამდენად დამღლელი , არასრულყოფილების განცდის მომნიჭებელია?!

რატომ არ ვარ თავისუფალი?! რატომ უნდა განვსაზღვრო ჩემი საქციელი ,,სხვა როგორ დაინახავს, რას იტყვის“ სკოლაში. შუბლის ძარღვგაწყვეტილი საზოგადოება, რომელიც თავისი ბინძური ხელებით სხვაზე მიანიშნებენ. ოხ! რომ იცოდეთ როგორ მეზიზღება უარი ჩემს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე შემდეგი არგუმენტით ,,რას იტყვიან სხვები?!“

რატომ გავჩნდი ამ ქვეყნად? რატომ ვარ ქართველი? რატომ დამანახა უფალმა ცხოვრების დაბრკოლებები ასე ადრე? კითხვები, რომლებზეც პასუხი ურთულესია ჩემთვის. მაგრამ, იცით რა? ცხოვრების გამოცდა უფრო რთულია, ვიდრე შაშკინის 8+1, ასე რომ უმჯობესია ვიფიქროთ სულიერ გაუმჯობესებაზე, და არა ორუცნობიან ამოცანათა ამოხსნის გზებზე.

 

მარიამ ლომსანიძე


სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.